ამ წუთებში, პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს. პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, სესია კამათით გაიხსნა. ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება პროცედურულმა საკითხებმა გამოიწვია.
“ევროპულმა საქართველოს” წევრებმა კობა გვენეტაძეს შეახსენეს, რომ ის კომიტეტის სხდომაზე უნდა მისულიყო.
ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, რომ კომიტეტში მისვლა კანონის მიხედვით მოუწევს.
ოპოზიციის მოთხოვნას მალე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის შეკითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩება.
„ვერ გავიგე, კომიტეტს გავიგე, რომ აინტერესებს ამის მოსმენა, მაგრამ ყველას გვაინტერესებს მეგობრებო. ცალ-ცალკე კომიტეტებზე უნდა მოვიყვანოთ თუ პლენარულზე უნდა მოვიდეს? ცოტა პოლიტიკურად შეხედეთ, კითხვები თუ გაქვთ დასვით, არ გაქვთ ეტყობა კითხვები,“- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ირმა ნადირაშვილმა კი კობა გვენეტაძეს უთხრა, რომ ძალაში რჩება მისი კომიტეტზე მოსვლის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან.
„აპირებთ მოხვიდეთ კომიტეტზე, თუ აპირებთ, რომ რეგლამენტი თავზე გადაიხიოთ, როგორც ბატონმა არჩილმა მოგვიწოდა?”-ამ შეკითხვით ნადირაშვილმა კობა გვენეტაძეს მიმართა.














