საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მაკრონმა ზურაბიშვილს მადლობა უთხრა იმის გამო, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩია.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმაც მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.
“საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას. ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას. საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქტიული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას”,განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
“საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში და თუ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტი სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, ვიდრე ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით”,ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს-რუსეთს შორის საფრანგეთის შესაძლო შუამავლის როლზეც კითხეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამისთვის რუსეთის თანხმობაც იქნება საჭირო, რაშიც ის დარწმუნებული არ არის. მისივე თქმით, საფრანგეთის მხრიდან გარდა განცხადებების გაკეთებისა, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს აღებული ვალდებულებები გაახსენოს.
“მგონი იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ საფრანგეთის მზადყოფნა, რომ არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს და მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს”,-თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.