გზაზე გაჭედილ ივანიშვილის გიგანტურ ხეს გზა გაუფართოვეს და გაატარეს

11 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზა გაიხსნა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია.

ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს. გაზეთ ბათუმელების ცნობით 11 საათის განმავლობაში ავტომობილები ამ სოფლების მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან დაიწყო და დილის 12 საათამდე გაგრძელდა.

ამ დროის განმავლობაში სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა, რაც, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო ელექტროსადენების მოხსნა/დაზიანებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრებთა თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გუშინ, 15 მარტს, წინასწარ [შუქის გამორთვამდე] მიიღეს შეტყობინება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ქსელში ავარიული დაზიანების გამო შეწყდებოდა.

გაზეთ ბათუმლების ფოტო

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა.