ნიო იორკში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ ჰოლივუდელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეა. ის ბრალეულად ცნეს ორ შემთხვევაში: მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის სექსუალურ დანაშაულში.
თუმცა 67 წლის ყოფილი პროდუსერი, რომელიც ერთ დროს ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა იყო ყველაზე სერიოზულ ბრალდებებში გაამართლეს: პირველი ხარისხის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამამძიმებელ გარემოებებში (იარაღით მუქარა, ტრავმების მიყენება, არასრულწლოვანი მსხვერპლი ანდა სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევა). ეს უკანასკნელი დანაშაული სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელიც შვიდი მამაკაცისა და ხუთი ქალისგან შედგებოდა გადაწყვეტილება ხუთდღიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანა.
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ვაინშტეინს არანაირი ემოცია არ გამოუვლენია და მშვიდად საუბრობდა მის ადვოკატთან, დონ როტუნოსთან. თუმცა, მოსამართლემ განკარგულება გასცა ციხეში მისი დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ. ვაინშტეინს სასამართლოს ოფიცრებმა ხელბორკილები დაადეს და სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
ყოფილი პროდიუსერის საბოლოო განაჩენს 11 მარტს გამოაცხადებენ. მას 25 წლამდე ციხე ემუქრება.
ვაინშტეინი არაერთი ცნობილი ფილმის პროდიუსერია: “კრიმინალური საკითხავი“, “ინგლისელი პაციენტი“, “შეყვარებული შექსპირი“ და სხვა.
კინოინდუსტრიის მაგნატს 80–ზე მეტი ქალის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. მათ შორის არიან ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები. ისინი ამტკიცებენ, რომ მრავალი წლის მანძილზე ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას განიცდიდნენ.
ვაინშტეინი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე ის უარყოფდა, რომ სექსუალურად ავიწროებდა ყოფილ ასისტენტს, მიმი ჰეილის და გააუპატიურა ჯესიკა მანი, რომელიც მაშინ სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ვაინშტეინმა ჯესიკა მანი მართლაც გააუპატიურა.
კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი სერიალ სოპრანოს კლანის ვარსკვლავი, ანაბელა შიორაა. ის ამტკიცებს, რომ ვაინშტეინმე 1993 ან 1994 წელს გააუპატიურა. ბრალდებამ მისი ჩვენება ხანდაზმულობის ვადის გამო ვერ გამოიყენა, თუმცა ის საქმეს დაურთო, რათა ვაინშტეინის დანაშაულის სერიული ხასიათის დემონსტრიება მოეხდინა.
მისი თავდასხმების მტაცებლური ბუნების დასამტკიცებლად პროკურორებმა კიდევ სამი ქალის ჩვენება გამოიყენეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვაინშტეინმა ისინი “სამუშაო შეხვედრებზე“ მიიტყუა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.
ვაინშტეინის საქმემ საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას #MeToo, როცა ქალებმა მთელ მსოფლიოში გავლენიანი მამაკაცების მხრიდან განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე დაიწყეს ხმამაღლა საუბარი.
კამპანიის ფარგლებში, ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა