ბრიტანული გამოცემა The Times კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry Jackson Society) რუსეთის და ევრაზიული კვლევის ცენტრის დირექტორის, ენდრიუ ფოქსალის (Andrew Foxall) სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: რუსეთის დაუფარავი ომი დასავლეთთან დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
გთავაზობთ სტატიის თარგმანს
რუსეთი დასავლეთთან ომის მდგომარეობაშია. ის იყენებს პროპაგანდას, ეკონომიკურ იძულებას, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას, მკვლელობებს საზღვარგარეთ და დიპლომატიურ ზეწოლას. ის სისტემატიურად არყევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ის ომს აწარმოებს სამართლებრივ ველზე, ბოროტად იყენებს საერთაშორისო იურიდიულ თანამშრომლობას და სამართალდამცავ ინსტიტუტებს.
2000 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა რუსეთში ავტორიტარული კლეპტოკრატიის შექმნა დაიწყო. ამ სისტემაში არჩევნები და პოლიტიკური ინსტიტუტები სრულიად გამოშიგნულია, სასამართლო ხელისუფლება ნებაწართმეული და უხერხემლო, რეჟიმის მცირერიცხოვან კრიტიკოსებს, მათ შორის ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს კლავენ.
ეს სისტემა მტაცებლობაზე და კორუფციაზეა დაფუძნებული. 2017 წელს ჩრდილოვანი ეკონონომიკის წილად, სადაც კრიმინალი მეფობს და გადასახადებს არ იხდიან, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედი მოდიოდა. ეს დაახლოებით 473 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ეს უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.
ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ცენტრშია კორუფცია, გადაფასებას ექვემდებარება კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება. რუსეთში კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აკონტროლონ და აიძულონ. და იმისთვის, რომ პუტნმა და მისმა გარემოცვამ დაუსჯელად მოქმედება შეძლონ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არ ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს, არამედ თანამშრომლობენ მასთან.
ეს კლეპტოკრატია რუსეთის საზღვრებს გაცდა. ჭირი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, იმიტომ რომ კრემლი ცინიკურად და ბოროტად იყენებს სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო თანამშრომლობას. ამაზე საუბარია ლონდონში მდებარე “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
რუსეთი ინტერპოლის “წითელი შეტყობინებების“ სისტემას იყენებს რეჟიმის კრიტიკოსებთან საბრძოლველად. ინტერპოლის წესებით ეს არ არის დაშვებული, თუმცა ამ სისტემას მონაცემებს ადგილობრივი პოლიციური უწყებები აწვდიან. სხვა ადგილებში რუსეთი სასამართლოებს გადასცემს საეჭვო და დაუსაბუთებელ მასალებს და აშკარად ცრუობს. გარდა ამისა, ის დაკავებულია ამ სასამართლოების თანამშრომლების მოსყიდვით.
ამავე დროს, რუსეთი დაჟინებით იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რაც მას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩაშალოს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი მექანიზმები.
2017 წელს ჩინოვნიკი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვლადიმირ ვორონკოვი სათავეში ჩაუდგა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილებას. ალექსანდრ პროკოპჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016–2018 წლებში ინტერპოლის ვიცე–პრეზიდენტად მუშაობდა.
რუსეთი ასე იმიტომ იქცევა, რომ კრემლი დარწმუნებულია: დასავლეთის იურიდიული ორგანოები ნაკლებად გააპროტესტებენ იმ მტკიცებით განცხადებებს, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს სახელით ისმის.
გარდა ამისა, კრემლი ვარაუდობს, რომ დასავლეთი არ შეამოწმებს დეტალურად რუსეთის მოთხოვნებს, არადა სიტუაცია აშკარად ითხოვს ამას.
ჯერჯერობით კრემლი მართალია. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ “ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ საფრთხეს ქმნის “ გაერთიანებული სამეფოსთვის, როგორც ეს სამეფო ადვოკატმა, ბენ ემერსონმა განაცხადა.
დროა ბრიტანეთმა გაიღვიძოს და პრობლემის მაშტაბები გააცნობიეროს. რუსეთის სახელმწიფოს და მისი ორგანოების განცხადებები უფრო დეტალურ იურიდიულ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ისევე, როგორც რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები. უნდა დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება იმ საკითხზე, თუ როგორ მანიპულირებს ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობით სამართლებრივ სფეროში, საერთაშორისო წესრიგის მოსარღვევად მისი მაშტაბური ძალისხმევის ფარგლებში.