“ჰგონიათ,Facebook-ზე პოსტების დადებით ვაჟა გაფრინდაშვილს დიდ საქმეს უკეთებენ”- ლევან ვასაძემ რუს კონსერვატორებს წერილი გაუგზავნა

მგონი მართლა ჰგონიათ, რომ Facebook-ზე პოსტების დადებით ძალიან ბევრს შრომობენ და ვაჟა გაფრინდაშვილს დიდ საქმეს უკეთებენ, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„წუხილთან ერთად მწარედაც მეცინება იმაზე, რომ ის ხალხი რომლისთვისაც ერთი საყვედურიც არ გვითქვამს, რატომ არ მოხვედით ვერის ბაღში ზნეობისა და ტრადიციის დასაცავადო, გვსაყვედურობს, რატომ არ ესარჩლებით ჩვენს სასახელო ექიმსო. ეს ამ ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს.

მათ მგონი მართლა ჰგონიათ, რომ Facebook-ზე პოსტების დადებით ძალიან ბევრს შრომობენ და ვაჟა გაფრინდაშვილს დიდ საქმეს უკეთებენ. ამიტომ ერთგვარი თვითკმაყოფილების განცდით განგვიკითხავენ, ვინც მართლა რაღაცას ვაკეთებთ ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად. მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენი ამ საჭურისი მთავრობის წევრები არ ვართ და არც რუსეთის აგენტები. როგორც ბრალს გვდებენ. ასეთ შემთხვევაში მართლა ლამის რუსეთის აგენტობა ინატრო კაცმა, რომ ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ შენს თანამემამულეს რამით მაინც შეძლო და დაეხმარო.

ალბათ არავის გაგაკვირვებთ და დიდ საიდუმლოს არ გავამხელ თუ გეტყვით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისთანავე მე პირადად დავუგზავნე თხოვნითი წერილები იმ რუს კონსერვატორებს ვისი საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შემოტრიალება შევძელით ღვთის შეწევნით და ამ წერილებში ვთხოვთ მათ დამხარებას ბატონი ვაჟას განთავისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არც მაგ კონსერვატორებს უსმენენ პუტინის რუსეთში, როგორც ჩვენ საქართველოში“, – ამბობს ლევან ვასაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც გატაცებული ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.