ია კერზაიას შვილი დედის გარდაცვალების საქმეზე ბატიაშვილს მწვავე შეკითხვებს დაუსვამს

{{ARTICLEIMAGE}}
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მინისტრ ბატიაშვილს დღეს მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია განათლების კომიტეტში იმ სხდომას დაესწრება, სადაც დღეს სწორედ მინისტრს მოუსმენენ.

Newsreport.ge- სთან საუბარში ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ რამდენიმე შეკითხვა აქვს, მათ შორის ყველაზე მთავარია, რატომ მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორება ია კერზაიას მიმართ. ამასთან, ბაჩანა შენგელიას აინტერესებს, დადგინდა თუ არა ლავრენტი ქირიას ვინაობა, რომელმაც მინისტრს სკოლის შემოწმების მოთხოვნით მიმართა და როგორ მოახერხა მინისტრმა ორ წუთში ამ წერილის გააზრება და მასზე რეაგირება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლავრენტი ქირია გარდაცვლილია და საჩივარიც შესაბამისად ყალბია – ეს ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი2-მა” გაავრცელა. 

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

როგორც ცნობილია, პირველი მინისტრი, რომელსაც დღეს თბილისში გადმოსვლის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ, განათლების მინისტრია. მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებების მიზეზებზეც, რომლის გამოც უწყებამ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და ასევე უნარების გამოცდა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ მინისტრ ბატიასვილს დღეს კითხვები ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზეც დაუსვეს და კითხეს, გრძნობს თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო. სწორედ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გაიმართება დღეს მინისტრის მოსმენა პარლამენტის განათლების კომიტეტშიც. პლენარული სხდომა მინისტრის პასუხებით გაგრძელდება.