იანვარში ხორცი 14.2%-ით გაძვირდა, ხილი და ყურძენი 28.3%-ით, რძის ნაწარმი 15%-ით- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, იანვარში ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა.

საქსტატის ცნობით, ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასების ზრდა 8.1% იყო.