იაპონიის ქალაქ ტიბაში ოფიციალურად აღიარეს ერთნაირსქესიანთა კავშირები. ამის შესახებ გაზეთი Mainichi წერს. 29 იანვარს დასახლებულ პუნქტში სპეციალური სერთიფიკატების გაცემის ცერემონია გაიმართა, რომლებიც არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ადამიანების და არატრადიციული წყვილების ურთიერთობებს ადასტურებს. ღონისძიებაში ექვსმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. ტიბას მერმა ტოსიხიტო კუმაგაიმ მათ ბედნიერება უსურვა.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ქალაქში შემოღებული სისტემა იაპონიაში პირველია. ის სერთიფიკატის მიმღებს რაიმე განსაკუთრებულ სტატუსს არ ანიჭებს, თუმცა უფლებას აძლევს სხვადასხვა მომსახურებებით და უპირატესობებით ისარგებლოს, რომლებიც მხოლოდ ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი.
მაგალითად, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ სახელმწიფო საცხოვრისის მიღებაზე წყვილებისთვის. 56 წლის რიუტა იანასე, რომელიც ცერემონიაში მონაწილეობდა იმედს გამოთქვამს, რომ სერთიფიკატი დაეხმარება შეყვარებული მოინახულოს იმ შემთხვევაში, თუ ის საავადმყოფოში მოხვდება.
ასეთი დოკუმენტის მისაღებად განმცხადებლები რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: უნდა იყვნენ არანაკლებ 20 წლის, არ უნდა იყვნენ დაქორწინებული, უნდა ცხოვრობდნენ ტიბაში ან უნდა გეგმავდნენ აქ ცხოვრებას. ქალაქი ტოკიოს ცენტრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
ტიბაში ამ სისტემის დანერგვამდე მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქალაქებში მიიღეს. მედიის ინფორმაციით ერთნაირსქესიანთა კავშირის აღიარებას ტოკიოს სხვა რაიონებში – სიბუიასა და სეტაგაიაშიც გეგმავენ, ასევე საპოროში, ფუკუოკესა და ოსაკაში.
ერთნაირსქესიანთა ქორწინება იაპონიაში ოფიციალურად ნებადართული არ არის. როგორც Mainichi წერს, ამის გამო გეი წყვილები დისკრიმინაციას აწყდებიან. კერძოდ, ადამიანებს არ შეუძლიათ პარტნიორის ქონება მისი სიკვდილის შემთხვევაში მემკვიდრეობით მიიღონ, ან იმ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ, რითაც ტრადიციული ოჯახები სარგებლობენ.