“იცით თუ არა ვინ არის რემენა?”-პარლამენტში გიგა ბოკერიას დასმულ შეკითხვებს ხმაური მოჰყვა

“ადევნებდით თუ არა თვალყურს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით? იცით თუ არა ვინ არის რემენა?” გიგა ბოკერიას შეკითხვებმა  უმრავლესობის წევრები გააღიზიანა. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოსმენა მიმდინარეობს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მინისტრს მოკლე შეკითხვებს უსვამდა, მინისტრმა მის შეკითხვებს არ უპასუხა. კომიტეტის სხდომა ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოკერიას შეკითხვა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხებოდა. ბოკერიამ თურნავას ჰკითხა იცნობდა თუ არა რიჟას, რემანას და სხვა პირებს, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან და ბოკერიას თქმით, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის დროს საქმეებს აგვარებდნენ. 

ბოკერიამ თურნავას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევა.

ეკონომიკის მინისტრმა დეპუტატის კითხვები უპასუხოდ დატოვა. უმრავლესობის წევრებმა კი ბოკერიას მიმართეს, რომ ის კომიტეტში იმყოფებოდა კითხვების დასასმელად და არა დაკითხვის მოსაწყობად. თურნავას დუმილს გიგა ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა, მან განაცხადა, რომ მისი უფლება იყო კითხვების დასმა, უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს რომ თურნავა პარლამენტში დაკითხვაზე არ იყო მიწვეული.