იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.  ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.  უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი ტრადიციულად იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.
ამ ცეცხლის გადმოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლას ესწრებიან საქართველოს მოქალაქეებიც. უკვე რამდენიმე წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაქვთ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.