ტელეწამყვანი თინა კანდელაკი უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ 2018 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერი იყო.
”ახლა ერთი მსახიობის ცირკი სტრასბურგში გადაინაცვლებს, რათა ამით მან დაიცვას თავისი უფლებები, მაგრამ რა ფასი აქვს იმ ადამიანის სიტყვებს, ვინც 2013 წლიდან არაფერს აკეთებს, თუმცა ამ ენაზე ლაპარაკობს? სააკაშვილი ქვეყანაში თავდაპირველად იქცა იმ ადამიანად, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, შემდეგ კი იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ “მიშას დეპორტაცია” კანონიერი გახდა. სადაც თქვენ არ ხართ, იქ კარგია, მიხაილ ნიკოლოზოვიჩ, კარგია იქ, სადაც არ ხარ”,- აღნიშნა თინა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად სცნო სამართალდამცველი ორგანოების მიერ, 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გააძევების ფაქტი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში, 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების უკანონოდ აღიარებას ითხოვდა.