საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებენ.
“ნუ ჩაერევი”, “იკითხეთ სტატიები და არა მიმოწერა” -ამ ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ჟურნალისტები ბათუმში, ტელევიზიის შენობასთან.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი კოხრეიძემ მის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე.
პირველი რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.
ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და “სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.
აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე.” – ნათქვამია განცხადებაში.