ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოშია

,ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება, ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ დამძიმდა.

ადვოკატის თქმითვე, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ჯიშკარიანს კოლეგებმა თამთა თოდაძის ბრალდებები შეახსენეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.

„პარასკევს ყოფილა საკრებულოს სხდომა, ილია პარასკევს საღამოსაც იყო ცუდად, ჰქონდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, გადაყვანაზე განაცხადა უარი. შაბათსაც გაუგრძელდა ტკივილები და უკვე მეუღლემ დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და იძულებით გადაიყვანეს – აღნიშნა „კურიერთან ადვოკატმა.

„უარი განაცხადა ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მასზე იმოქმედა დაცინვამ და უსამართლო ბრალდებებმა, თითქოს მეგობრის სააავადმყოფოში იწვა და მანიპულირებდა. ხუთშაბათს იყო ფრაქციის სხდომა, ილია მივიდა და გადაიდო. თამთა თოდაძე სპეციალურად მივიდა ხუთშაბათს, იცოდა რა ფრაქციის სხდომაა და ილია მივიდოდა, ზუსტად დაამთხვია და მივიდა საკრებულოში. ის განზრახ ავრცელებს ილიას წინააღმდეგ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციებს და ამაზე მკაცრი რეაგირება მე მექნება პირადად! დავამტკიცებ მის დაუსრულებელ ავანტიურებს და ტყუილებს, – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ჯიშკარიანს არაინვაზიური ოპერაცია ჩაუტარდა, რაც სისხლძარღვების გაფართოებას გულისხმობს.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.