ინფორმაცია, თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებდა, “მტკნარი სიცრუეა” – ეს განცხადება პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ბოტკოველმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის ჩანიშვნის თარიღი გააცნო.
როგორც დეკანოზმა განმარტა, ილია მეორე ხშირად ტოვებს დედაქალაქს.
“მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს დედაქალაქს. ქალაქის მახლობლად რეზიდენციაში ის ატარებს რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში”, — თქვა ბოტკოველმა.
რამდენიმე დღის წინ “ტევეპირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია მეორე განცხადების გაკეთებას და გადადგომას აპირებდა. თუმცა, ის ქალაქიდან გაარიდეს.
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება, რომელსაც სკანდალური განცხადებების ავტორი, მეუფე იაკობიც დაესწრება.
სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო.