ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ილიაუნის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა
“გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტს.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი უსაფრთხოებისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი დავიწყოთ დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ:
არგუსის მეშვეობით მოგეწოდებათ სასწავლო მასალები ელექტრონულად, გაციფრებული სახით;ასევე, არგუსის სისტემას დაემატება ვიდეოლექციების სექცია, რომელსაც ლექტორები კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე (ზოგი კურსის წარმართვა ვიდეოლექციების გარეშეც შესაძლებელია), საჭიროების შემთხვევაში, არგუსის სისტემის გამოყენებით ჩაწერენ და ატვირთავენ სასწავლომასალების სექციაში.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების კუთხით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს (მუდლი, ონლაინილიაუნი და სხვ.), პროექტის მასშტაბიდან (16000< სტუდენტი; 800< კურსი) და შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე ველოდებით, რომ საწყის ეტაპზე სწავლების ახალ მოდელს ექნება მცირე ხარვეზები, თუმცა, ვთვლით, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება და ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით.
დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით.
ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დახურული იქნება უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ხოლო თქვენთვის საჭირო მომსახურებას მიიღებთ დისტანციურად. ამ პერიოდში ვერ შეძლებთ უნივერსიტეტის შენობაში შემოსვლას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა ელექტრონული საქმისწარმოების წესზე. შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ ან/და ინფორმაცია გამოითხოვოთ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად, არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით და, გამონაკლის შემთხვევებში, მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
იხილეთ ვიდეოინსტრუქცია: https://youtu.be/JxeoVVI_y0A
მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველვყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.
გაითვალისწინეთ, რომ info@iliauni.edu.ge-ზე განცხადების გადმოგზავნის შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ ილიაუნის ელექტრონული ფოსტით. თუ დავიწყებული გაქვთ ელექტრონული ფოსტის მონაცემები, გთხოვთ, დაწეროთ განცხადება არგუსის შესაბამისი შაბლონით და ჩვენ გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას.
გარდა ელექტრონული საქმისწარმოებისა, გაძლიერდა ფაკულტეტებთან არსებული საინფორმაციო ცენტრების ფუნქციონირების რეჟიმი. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (707)
ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (707)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (134)
სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (303)
ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღოთ ფეისბუქის ჯგუფის „>Q&A – ილიაუნი“მეშვეობით.”- ნათქვამია განცხადებაში.