“იმ წლებში, რომელიც მითითებულია, პარლამენტში ვიყავი და თავაუღებლად ვმუშაობდი”-გვარამია

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მეწილეებს შორის ქონებრივ დავას დეტალურად არ იცნობს, რადგან ის იმ პერიოდში ხელისუფლებაში იყო. ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ აქიმიძემ და დვალმა პასუხი მას უნდა მოსთხოვოს, ვინც წილი წაართვა.

“რასაც ზურაბ ჯაფარიძე  ყვება, ჩემთვის ცნობილი არაა. არასდროს არ მქონია შეხება მედიასთან, ვიდრე ხელისუფლებაში ვიყავი. მით უფრო იმ წლებში, რომელიც მითითებულია, პარლამენტში ვიყავი და თავაუღებლად ვმუშაობდი.

თუმცა, ფაქტების ამ მიმდევრობას უნდა გამოვეხმაურო: როცა რ2ში დავინიშნე, ცხადია დაფუძნების დოკუმენტები შევამოწმე. ყარამანიშვილები რ2ში შემოვიდნენ უდიდესი აქტივით და ეს გამორიცხავს მათ უკანონო მესაკუთრეობას. ეს აქტივი არ გამომიკვლევია და არც იყო ჩემი საქმე. თუ საეჭვო იყო, გამოეკვლია შესაბამის ორგანოს. ახლა, ტვ საქართველომ ეს აქტივი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს და დატოვოს ქიბარი ძველი ტექნიკის ამარა.

რაც შეეხება აქიმიძე-დვალს, მათი პრეტენზია ლეგიტიმურია თუ არა, ყოველ შემთხვევაში არსებითი მაინცაა. თუმცა, ყარამანიშვილები ვერ და არ უნდა ყოფილიყვნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი – ვინც წაართვა (თუ დადასტურდება), იმან უნდა აგოს პასუხი.

აი ქიბარ ხალვაში კი ნამდვილად არაფერ შუაშია – ერთი შუალედური ტრანზაქტორი იყო, რომელსაც არაფერი არ მოუტანია კომპანიისთვის. და ახლა სამოთახიანი ნაქირავები ოფისის მფლობელი ერთი წლის მანძილზე, უზარმაზარი ქონების და უმაღლესი კლასის ტელევიზიის მფლობელი გახდა.

მოკლედ, აქეთ ყარამანიშვილები და ტვ საქართველო ქონების ჩამდებები და იქეთ დვალი-აქიმიძე დამფუძნებლები. და ქიბარ ხალვაშია ამ დროს მფლობელი”-აცხადებს გვარამია.

გვარამიამ ეს განცხადება “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სტატუსის საპასუხოდ გააკეთა.