გალის რაიონიდან წუხელ გადმოსვენებული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე, კერძოდ კი ყელზე არსებული დაზიანებების მიზეზს ექსპერტიზა სწავლობს. ოკუპანტების მიერ დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ნაბაკევში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც აფხაზური მხარის ცნობით, მან თავი ჩამოიხრჩო, ექპერტიზა წუხელ სამხარაულის ბიუროში 5 საათზე მეტხანს უტარდებოდა. ჯერჯერობით დამოუკიდებელ ექსპერტსაც უჭირს თქმა, ყელის არეში დაზიანებები კვარაცხელიას სიცოცხლეშივე აქვს მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დღეს დილით სახლში – სენაკში დევნილთა ჩასახლებაში გადაასვენეს. ახლობლებს უჭირთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა და არ გამორიცხავენ, რომ ის ოკუპანტებს შემოაკვდათ.
საოკუპაციო რეჟიმი კი კვარაცხელიას მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. აფხაზეთში განთავსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, კვარაცხელიამ, რომელიც, რატომღაც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს, საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო თავი. აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ტელეკომპანია „კავკასიას“ უთხრა, რომ კვარაცხელიაზე ძალადობა არ მომხდარა და ეს თვითმკვლელობა იყო.
„იმედი მაქვს, ქართველი ექსპერტები ობიექტურ დასკვნას დადებენ. სამწუხაროდ,ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“-უთხრა დაურ კოვემ ტელეკომპანია „კავკასიას“
ექსპერტიზის პასუხებს ელოდება ქართული მხარეც. დავით ზალკალიანის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობას წვდომა ქონდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ იმაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება,პასუხიმგებელია რუსეთია.
ოპოზიცია კი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას საქართველოს მთავრობის სუსტ პოლიტიკას უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვრისპირა რეგიონებში ვითარება კრიტიკულია და ადამიანებს ომის პირობებში ცხოვრება უწევთ.
29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, 12 მარტს, ღამით გახდა ცნობილი. ის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა სოფლების – თაგილონისა და ნაბაკევის საზვარზე დააკავა. დოკუმენტების გასაფორმებლად ის ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რის შმდეგაც აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა