ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით, – ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა.
მისი რჩევით, ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ და ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები გაიწმინდოს. ამასთან, ზახაშვილის რეკომენდაციით, სასურველია, თუ ღრუბლიანი მიკროფონების გამოყენება არ მოხდება.
„ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ აღიოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები. კერძოთ, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს, ჩემზე კარგად თქვენ იცით. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრანახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს და მოერიდეთ ინტერვიუს საერთოდ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს. ასე გამოიყოფა არა მარტო COVID- ის გამომწვევი, არამედ ნებისმიერი რესპირაციული, ვირუსული ინფექციის გამომწვევი და თქვენთვის მართლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ. ავადობა ყოველთვის არის ავადობა და ცუდად გრძნობთ მერე თავს. სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია დაამუშავოთ აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია ანუ, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით და დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები. ხშირად დაიბანეთ ხელები და დაუშვებელია ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ირანიდან ჩამოსულ პირს დაუფიქსირდა, ორი კი იტალიიდან შემოსულ ადამიანს.