,,იმედს” მიმდინარე დავალიანება არ აქვს, ამიტომ არ არსებობს ინკასოს დადების საფუძველი – ,,იმედის” იურისტი

,,ტვ იმედმა ფინანსთა მინისტრის განცხადების შემდეგ, 1 ოქტომბრიდან დაიწყო მიმდინარე გადასახადების გადახდა, ამიტომ მის ანგარიშებზე ინკასოს დადების საფუძველი არ არსებობს”,- განაცხადა ,,იმედის” იურისტმა, ანდრო ლაშხმა.

მისი თქმით, ,,იმედს” სახელმწიფოს მიმართ 19 მილიონის დავალიანება აქვს, რომელსაც არა ერთიანად, როგორც ფინანსთა სამინისტრო ინკასოდადებულ ტელევიზიებს სთხოვს, არამედ საგადასახადო შეთანხმებით გადაიხდიან. ,,არსებობს საგადასახადო შეთანხმება, რომელიც არის კანონიერი და სწორი ინსტრუმენტი ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ აუცილებლად ბოლო თეთრამდე გადავიხდით დავალიანებას,” – ამბობს იმედის ეთერში მათივე იურისტი.

ლაშხი 2017 წლის შემდეგ დაგროვილ დავალიანებას რუსთავი 2-ის გადასახადების გადაუხდელობით ხსნის და განმარტავს , რომ ტვ ,,იმედი” იძულებული გახდა თავადაც არ გადაეხადა გადასახადები, რათა შეენარჩუნებინა კონკრენტუნარიანობა.

,,ჩვენ ვიხდიდით დავალიანებას მანამ, სანამ ,,რუსთავი 2-მა” შეწყვიტა გადახდა. როდესაც ჩვენმა პირდაპირმა კონკურენტმა დაუმსახურებელი უპირატესობა მიიღო და გადასახადის გადახდის ნაცვლად, მაყურებელს სთავაზობდა უკეთეს პროდუქტს, ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე, ან დავწეოდით კონკურენციას, ან გადაგვეხადა გადასახადები. იძულებულები ვიყავით ეს გაგვეკეთებინა, ეს არ იყო საპროტესტო აქტი”, – აცხადებს ,,იმედის” იურისტი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “კავკასიას”, “ტვ პირველსა” და “რუსთავი 2-ს” ინკასო დაედოთ, რაც იმას ნიშნავს , რომ კომპანიები ფინანსურ ოპერაციებს ვეღარ შეასრულებენ. “კავკასიისა” და “ტვ პირველის” მფლობელები ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ. ისინი დავალიანების გადახდას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები საკუთარ არ დავალიანებას დაფარავენ.

3 ტელეკომპანიის – “რუსთავი 2-ის”, ,,იმედისა” და “მაესტროს” ფინანსური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.