იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა-ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი

მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი აზრით, მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. მინდა მოგიყვეთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ბოლო 6 კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, ჩვენ შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, რომ მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ – ჰონგ კონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული ინვესტორი. ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, წერილი იურისტებმა შეადგინეს, თუმცა, მის შინაარსზე კონფიდენციალობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.