იმუნიზაციის ცენტრსა და “ჯიპისიში” გრიპისთვის საჭირო ვაქცინების მარაგი ამოიწურა

{{ARTICLEIMAGE}}
ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე იმუნიზაციის ცენტრში გრიპის ვირუსისთვის საჭირო ვაქცინის მარაგი ამოიწურა. ამის შესახებ newsreport.ge-ს ცენტრში განუცხადეს. ასევე დეფიციტია “ჯიპის” ქსელშიც და უცნობია, როდის მომარაგდება აფთიაქი ვაქცინით. ანალოგიური ვითარებაა იმუნიზაციის ცენტშიც, სადაც ამბობენ, რომ მარაგის მიღების ზუსტი დრო უცნობია.

newsreport.ge ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა დავუკავშირდეთ. ცენტრთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.  

როგორც ცნობილია, ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ფასიანი ვაქცინაციის ღირებულება 30 ლარიდან 50 ლარამდეა. ვაქცინაცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კლინიკაშია შესაძლებელი.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინაციას, ის განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, (რომელიც გასული წლის ოქტომბერს ასახავს) უფასოდ აცრები ჩაუტარდებათ დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და მათ მომვლელ პერსონალს, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულებს, ც ჰეპატიტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირებსა და პერსონალს, ასევე ორსულებს.