ლიეჟში შეხვედრა საზოგადოებისთვის არ იყო საინტერესო, “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს, მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.
ინაშვილს აინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება”.
“მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც “ნაციონალურ მოძრაობას” უწერს “ენდიაი” (NDI) და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა “ქართული ოცნებისადმი”. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს”, ამბობს ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.














