ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ სტუმართა ნაწილის ვინაობა ცნობილია

{{ARTICLEIMAGE}}
ცნობილია იმ სტუმართა ვინაობა, ვინც 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ ინაუგურაციას დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასტური უკვე მიღებულია სომხეთის პრეზიდენტისგან.

ინაუგურაციას ასევე დაესწრება დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩამოვა ლიტვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით. რუმინეთის დელეგაციას კი ინაუგურაციაზე რუმინეთის ვიცე-პრემიერი წარმოადგენს.

“გვეყოლება მოლდოვას დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი. თურქმენეთის დელეგაციას ვაჭრობის მინისტრი უხელმძღვანელებს. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუდის არაბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გვაქვს დადასტურება პოლონეთიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის დონეზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურით იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება დელეგაცია აზერბაიჯანიდან. ყოველწუთიერად შემოდის ეს ინფორმაცია და ეს არ არის სრულყოფილი სია”,თქვა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, თელავში დღეს დილიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მეფე ერეკლე მეორეს სასახლესთან უკვე დაწყებულია სცენის კონსტრუქციის აწყობა.

თელავში ჩასვლას გეგმავენ ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრებიც, რომლებიც საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, როგორი უნდა იყოს სცენაზე განლაგება და როგორი სახე ექნება ამ ტერიტორიას. დღეს, დღის ბოლომდე კი საგარეო საქმეთა სამინისტრო სტუმრების საბოლოო სიას დაადგენს, მათ შორის იქნებიან თავად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი სტუმრები და ოფიციალური პირები. პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. მიღება კი ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ წინანდალშია დაგეგმილი.