ინფექციურ საავადმყოფოში ჩინელთა ჯგუფი მიიყვანეს (ვიდეო)

ჩინეთის 2 მცირეწლოვანი მოქალაქე გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ისინი მკურნალობას ბოქსირებულ განყოფილებაში გაივლიან

ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას. 

“ჩვენ გვაცნობეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომ ყაზბეგში შემოვიდა 9-კაციანი ჯგუფი ჩინელებისა, რომლებიც როგორც ვიცი, შემოვიდნენ აზერბაიჯანის გავლით. ისინი ჩინეთიდან გამოსული არიან 21 იანვარს. ამ 9 ადამიანიდან სამია ბავშვი და ორ ბავშვს, როგორც გვითხრეს ტყუპები არიან, აქვთ ტემპერატურის მომატება, რის გამოც, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ისინი ჩაითვალნენ საეჭვო შესაძლო შემთხვევად კორონავირუსის ინფექციაზე. მათ აქვთ ტემპერატურის მომატება, არიან ჩინელები და ჩამოსულები არიან ჩინეთიდან. ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელიც აბსოლუტურად იზოლირებულია. მათ ჩაუტარდებათ სტანდარტული პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებები, კერძოდ, კლინიკური გამოკითხვა, ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა, რენტგენოგრაფია, აგრეთვე აღებული იქნება მასალა სხვა გამომწვევებზე. კორონავირუსის იდენტიფიცირება საქართველოში ჯერ ვერ ხდება. ვიმოქმედებთ გამორიცხვის მეთოდით – ჩვენ ავუღებთ მათ მასალას ათზე მეტ გამომწვევზე და თუ რომელიმე ერთი მათგანი დადგინდა, მოიხსნება ეჭვი კორონავირუსზე. თუ ვერც ერთი გამომწვევი ვერ იქნა ნანახი, მაშინ ეს პაციენტი დარჩება საეჭვოდ კორონავირუსის ინფექციაზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.