ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქიდან ორს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები დღეს ტესტირებას ჩაუტარებენ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამი მოქალაქიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე ინფორმაციით, სამი მოქალაქიდან ორს – 8 და 13 წლის მოზარდებს – ტემპერატურა აქვთ, ხოლო მათ დედას რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ეზუგბაიას განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.

„გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩვენს ცენტრში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და ორი შვილი, 8 წლის და 13 წლის მოზარდები. როგორც იცით, რამდენიმე დღეა, რაც ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები, მათ შორის ორი ადამიანი გარდაიცვალა. ყველა შემთხვევა ქალაქ ყუმიდან არის. ჩვენთან შემოყვანილი ირანის სამი მოქალაქეც ამ ქალაქიდან არის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებულ შემთხვევად აღიქმება და აეროპორტში ამ სამი პირიდან ორს ტემპერატურა დაუფიქსირდა, სამივე მათგანი ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენს ცენტრში პაციენტებად გაფორმდნენ მხოლოდ ბავშვები, 8 წლის და 13 წლის ბიჭები. ჩატარებული გამოკვლევებით, ორივესთან გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური
ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშომლები ტესტირებას ჩაატარებენ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე. A და B ტიპის გრიპის ვირუსები გამოირიცხა. ამ ეტაპზე ეს პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით გადიან. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან აუცილებელი არ არის. რაც შეეხება დედას, ის ინფიცირებული არ არის, თუმცა მეთვალყურეობას ისიც გადის,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.