ამერიკული გამოცემა
The New York Times ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს და ანაკლიის პორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის სათაურში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი პროექტის, ანაკლიიის პორტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი იკვეთება. გთავაზობთ სტატიის ძირითად ფრაგმენტებს:
ავტორი: დევიდ სიგალი
საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მშენელად არის დაბადებული. ის ფლობს თბილისის ყველაზე თვალისმომჭრელ კერძო შენობას – 50 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონის და შუშის ფუტურისტულ სასახლეს ქალაქის ისტორიული რაიონის სიახლოვეს მდებარე ქედზე. ეს არის 107 000 კადრატული ფუტის ფართობის პირადი ოფისი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციით და ზვიგენებიანი აკვარიუმით.
63 წლის ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და როცა საქმე რამე მნიშვნელოვან პროექტს ეხება, მისი ლოცვა–კურთხევა არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ საქმე გადასახადის გადამხდელების ფულს ეხება. არცერთი მიმდინარე პროექტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2.5 მილიარდ დოლარად შეფასებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ან შედგება ან არა.
პორტის პროექტი, რომელიც ინვესტორებს წარუდგინეს როგორც ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ტვირთბრუნვის დიდი წილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელშიც ქართული საინვესტიციო ჯგუფი და აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შედიან.
სამწუხაროდ პროექტის განმახორციელებლები წინააღმდეგობებს აწყდებიან. ერთ–ერთი მთავარი წინააღმდეგობა როგორც ჩანს თავად ბატონი ივანიშვილია. საჯაროდ ის პორტის პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ანაკლიის კონსორციუმი და სხვადასხვა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის პორტის წინააღმდეგ შენიღბულ კამპანიას აწარმოებს.
ეს უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი პლიტიკური ინტრიგა, რადგან ფსონები საქართველოსთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა მთელი ძალით ცდილობს საბჭოთა რესპუბლიკის ფესვებს მოწყდეს და რუსეთის ჩრდილიდან გამოვიდეს, რომელიც მისი მეზობელი და მრავალი წლის მანძილზე მოწინააღმდეგეა. სპორადული წარმატებით ის ისწრაფოდა დამოუკიდებლობისკენ და შესაძლებლობისკენ, გადაქცეულიყო დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პორტი ჩაფიქრებულია როგორც უზარმაზარი ნახტომი ამ მიმართულებით.
თუმცა ეს არ არის მარტივი ისტორია. ივნისში თბილისში რამდენიმე დღე და ღამე გაგრძელდა ანტიმოსკოვური საპროტესტო აქციები, რომლის საბაბი დიპლომატიური ინციდენტი გახდა, მიზეზი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 %–ის ოკუპაციით გამოწვეული რისხვაა.
პორტის პროექტი სრულიად აუხსნელ პრობლემებს წააწყდა. იანვარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, რომელიც მანამდე ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით ანაკლიის კონსორციუმის წევრი ორი ბანკირის წინააღმდეგ. მიზეზად ათი წლის წინანდელი გარიგება დასახელდა. თუ რეალური მიზანი მართლაც ანაკლიის პროექტის ჩაშლა იყო, ძნელი სათქმელია, რა შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული. ბიზნეს ლიდერები ამბობენ, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი ამბობს, რომ მიზანი პროექტის დისკრედიტაცია იყო. “მომეცით ორი პროკურორი, 48 საათი და მანდატი, რომ ბოლო 20 წელი გადავქექო. მერწმუნეთ, ნებისმიერი შემიძლია ციხეში ჩავსვა.“– ამბობს ის.
ანაკლიის პორტის პროექტი აღარ არის მხოლოდ ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც საქართველო შესაძლოა საერთაშორისო ვაჭრობის მომგებიან ბიზნესში შეიყვანოს. ეს პროექტი მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილის და მისი მთავრობის ტესტი გახდა. ივნისში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ეს თემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს წამოჭრა. მან მოუწოდა საქართველოს დაასრულოს პროექტი, რადგან ის თავისუფალ ეკონომიკებთან საქართველოს ურთიერთობებს გააუმჯობესებს და არ მისცემს მას საშუალებას რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი გახდეს.
საქართველო ნომინალურად საპარლამენტო დემოკრატიაა და დასავლური მმართველობის ბევრი ატრიბუტი გააჩნია, მათ შორის თავისუფალი არჩევნები, თუმცა ბევრი წლის განმავლობაში ქვეყანა მკაცრად კონტროლდება ივანიშვილის მიერ – ინტროვერტი, იოგით გატაცებული ოლიგარქის მიერ, რომელიც საქართველოში სიღატაკეში დაიბადა და რომელიც კრიტიკოსების განცხადებით ამჟამად პირველ რიგში საკუთარი, ისედაც დიდი ქონების გაზრდით არის დაკავებული. დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთი მესამედია.
მან ფული რუსეთში უფასო პრივატიზაციის დროს იშოვნა ტელეფონების და კომპიუტერების გაყიდვით. შემდეგ საკმაო კაპიტალი დააგროვა და ერთ–ერთი კერძო ბანკი შექმნა. მოგვიანებით უძრავი ქონებისა და მეტალურგიის ბიზნესშიც ჩაერთო. ერთ–ერთი ინვესტიცია კრასნოიარსკის ალუმინის გადამამუშავებელ ქარხანაში განახორციელა, რომელიც ე.წ. 1990–იანი წლების “ალუმინის ომების“ ცენტრად იქცა. ერთ–ერთ იშვიათ ინტერვიუში, რომელიც მან 2012 წელს ფორბსს მისცა, ივანიშვილმა თქვა, რომ ინვესტიციები ძალიან მომგებიანი იყო ამ სფეროში დაპირისპირებას ბევრი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა.
“ჩემი მთავარი ფასეულობები სიცოცხლე და თავისუფლებაა“– უთხრა მან მაშინ ჟურნალს.
რუსეთში ბიზნესი სულ უფრო საშიში ხდებოდა. ის 2003 წელს საქართველოში დარუნდა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება დაიწყო. მისი კაბინეტის კედლებზე წარმოდგენილი იყო მონეს, პიკასოს, ლიუსიენ ფრეიდის და სხვა მხატვრების შემოქმედება. გაძარცვის შიშით ის სტუმრებს ეუბნებოდა, რომ გამოფენილი ნამუშევრები ასლი იყო, ორიგინალები კი ლონდონში ინახებოდა.
ბატონმა ივანიშვილმა ფული დახარჯა ღირებულ საქმეებშიც და ექსცენტრიულ წამოწყებებშიც. მან ააშენა კერძო ზოოპარკი ლემურებით, პინგვინებით და ზებრებით. გარემოს დამცველების აღშფოთების მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ამოთხარა და ურეკში, თავის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა უზარმაზარი ხეები, რომელთაგან ერთ–ერთი 650 ტონას იწონიდა.
“ძალიან მიყვარს გიგანტური ხეები. გიგანტური ხეები ჩემი გასართობია“ –უთხრა მან სააგენტო ფრანს პრესს.
ბატონმა ივანიშვილმა ამ სტატიისთვის კომენტარი არ გააკეთა. მას არ უყვარს ხშირად გამოჩენა გამოჩენა, მისი ცნობადობის ფონზე. სანამ 2011 წელს პარტია “ქართულ ოცნებას“ დააფუძნებდა, ქართველების უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა. მისი ფოტო გუგლშიც არ იძებნებოდა.
ის 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის მანძილზე საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო. მაგრამ ახლა მისი ერთადერთი საჯარო ტიტული ოცნების პარტიის ლიდერობაა. ის ამჯობინებს მმართველობა ფარულად, შუშის კედლებს ამოფარებულმა, ქვეშევრდომების მეშვეობით განახორციელოს. მთავარი პროკურორი ერთადერთი გავლენიანი საჯარო მოხელე არ არის, რომელიც მას ექვემდებარებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოდესღაც მისი პირადი მცველი იყო. ივნისის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მისი პირადი ექიმი იკავებდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის ქართუ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ივანიშვილის საჯარო გამოჩენა ამჟამად იშვიათი და სენსაციურია. გასული წლის ბლოს, როცა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის წაგების შანსი გამოიკვეთა, მთავრობამ განაცხადა, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაცია 600 000 ადამიანს დავალიანებებს გაუნულებდა. ვალის მოცულობა დაახლოებით 560 მილიონ დოლარად შეფასდა. ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ გეგმა თვეების მანძილზე მუშავდებოდა და არაფერი ქონდა საერთო არჩევნებთან. თუმცა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამ შემთხვევას ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ხმების მოსყიდვა უწოდეს. ასეა თუ ისე, ქართული ოცნების კანდიდატმა არჩევნები მოიგო.
ქართული ოცნების ლიდერები ივანიშვილს აღწერენ როგორც პატრიოტს და დასავლური ღირებულებების ერთგულს. ისინი ამბობენ, რომ ნეიტრალური სტანდარტებით, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსი, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა.
“მედია ძალიან მრავალფეროვანია და კრიტიკული. საკუთრების უფლება დაცულია. არჩევნვები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
ის და ქართული ოცნების სხვა წევრები ასევე ამბობენ, რომ მთავრობამ მთლიანად დაუჭირა მხარი ანაკლიის პროექტს და საერთოდაც ეს მთავრობის იდეა იყო.
ისინი ამბობენ, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე უბრალდ კანონის უზენაესობაა მოქმედებაში. ეს საქმე ბოლო თვეების განმავლობაში თითქოს მიწყნარდა. ზოგი ამტკიცებს, რომ ბატონმა ივანიშვილმა საქმე ხაზარაძესთან დაპირისპირების გამო წამოიწყო, რომელსაც მომვალ პოლიტიკურ კონკურენტად თვლის. ამ თეორიის მიხედვით ივანიშვილს არა პორტის შეჩერება, არამედ პირადად ხაზარაძისთვის ხელის შეშლა უნდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ თუ ეს სიმართლეა, ესეიგი მთავრობას წარმოდგენა არ აქვს როგორ მუშაობს ბიზნესი.
“მთავრობა ცდილობდა გაემიჯნა ორი საქმე და ეთქვა, რომ რასაც მამუკას უკეთებდა არაფერი ქონდა საერთო პორტთან. მაგრამ ისინი პორტის მთავარ სპონსორს ესხმიან თავს. რომელი საღ ჭკუაზე მყოფი ინვესტორი განახორციელებს ინვესტირებას პროექტში მასთან ერთად ასეთი ბრალდებების ფონზე?
ახვლედიანის თქმით დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, თუმცა პორტის უცხოელი ინვესტორები ჯერჯერობით მყარად დგანან.
“ფადი ასლის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური დრამის ამ მაგალითით აიხსნება, რატომ არის საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006 წლის დონეზე. მისი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობა იმის მტკიცებულებაა, რომ ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში ტრაგიკულად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული.
“როცა ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება, ივანიშვილთან დაახლოებულ ყველა ბიზნესზე შეტევა განხორციელდება. როცა ეს მოხდება, ერთადერთი ადამიანი ვიქნები საქარველოში, ვინც მას დაიცავს. არა იმიტომ, რომ მის მიმართ სიმპატია მაქვს, არამედ იმიტომ რომ ჩემი აზრით ბიზნესი პოლიტიკური ომის მიღმა უნდა დარჩეს.“– ამბობს ფადი ასლი.