” იქ შუქი არ ყოფილა უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე” – ლაურა ღაჭავა ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენას არ გამორიცხავს

ხანძარი ლილოში – “ჩაინა ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა შემთხვევის ადგილზე მივიდა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი საწყობიდან გაჩნდა, სადაც არც ელექტრო სადენებია და შესაბამისად არც ელექტროენერგია. სწორედ ამიტომ ღაჭავა ამბობს, რომ დღეს უკვე ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი აქვს.

თავდაპირველად მან თქვა, რომ ბაზრობის დირექტორის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა დივერსიას უკავშირდებოდეს არ ეთანხმებოდა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც ღაჭავას განცხადებით, ბაზრობის ჩინელმა მეპატრონეებმა მიაწოდეს ინფორმაცია თუ სად გაჩნდა თავდაპირველად ცეცხლი.

ღაჭავა ამბობს, რომ მას ჰყავს მტრები და არ არის გამორიცხული მომხდარი სწორედ მისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდებოდეს. ის ითხოვს, ტერიტორიაზე საიდანაც ცეცხლი პირველად გაჩნდა ვიდეო სათვალთვალო კამერების დალუქვა მისი თანდასწრებით მოხდეს.

“იქ არც შუქი ყოფილა და არც არაფერი არ ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე. მეპატრონე ჩინელებმა ახლა მომაწოდეს, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი, შუქი არ არის, არაფერი არ არის. დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით? ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა. ამას ვერ ვამბობ ჯერ ვინ, ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიღაცას ხელს ვუშლი,“-განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

დამატებითი განმარტება გააკეთა მის განცხადებაზე “ჩაინა ლილოს” ბაზრობის დირექტორმა ზვიად ქირიამაც. ის ამბობს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, მათშორის ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვს. ამჯერად ის ამბობს რომ უჩა მამაცაშვილი მან ამ კონკრეტულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის კონტექსტში არ ახსენა და მასთან დაპირისპირება პირადად მას აქვს.

“არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს ელექტრო სადენებისგან მოხდა, რამე საყოფაცხოვრებო ნივთი იყო იქ დატოვებული, იმისგან მოხდა თუ რისგან მოხდა თუ დივერსია იყო. უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეგ სულ სხვა თემაა. ეგ მეხება პირადად მე. მე პირდაპირ არ დამიკავშირებია ამ ხანძრის მიზეზებთან ვისაც ასახელებთ, ეს უბრალოდ მე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რომელიც არის სხვა შპს, რომელიც არის სხვა ტერიტორიაზე განლაგებული იმასთან დაკავშირებით. იქ უბრალოდ კონტექსტი იყო ისეთი რომ ხელისუფლება, დივერსია,”-განაცხადა ზვიად ქირიამ.

ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები იკრიბებიან. მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ. დაზარალებულებს პროდუქცია დაზღვეული ჰქონდათ და შესაბამისად მათ ზარალიც აუნაზღაურდებათ.
ლილო სიტის ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, სამართალდამცველები პერიმეტრს აკონტროლებენ. რა გახდა ხანძრის მიზეზი უცნობია.