ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას პარლამენტთან აქციაზე აღარ დაუკრავენ.ქეთათო ჩარკვიანის პრეტენზიები დაკმაყოფილდა

„როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ – ეს სტატუსი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათო პოპიაშვილს ეკუთვნის,რომელიც მან ფეისბუქზე ორი დღის წინ გამოაქვეყნა.
ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციებზე “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გამოყენებით, მისი უფლებები დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს.
ქეთათო ჩარკვიანის ამ სტატუსს სოციალურ ქსელებში უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მის პოზიციას სამარცხვინოს უწოდებდნენ და ასეულობით ადამიანი სინანულს გამოთქვამდა, რომ მათი კუმირის მეუღლემ მათ იმედი გაუცრუა და ახალგაზრდობის საპროტესტო აქცია არ არის ის ადგილი, სადაც საავტორო უფლებებზე დავა გამართლებულია.  დღეს ეს სტატუსი ფეისბუქზე აღარ იძებნება, თუმცა ქეთათო ჩარკვიანს პოზიცია არ შეუცვლია.
ის ამბობს, რომ მან საკუთარ Facebook სტატუსში არა აქციის მონაწილეები, არამედ ორგანიზატორი და, მისი ინფორმაციით, მუსიკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი, ლექსო მაჭავარიანი იგულისხმა. ქეთათო არ გამორიცხავს, რომ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე კიდევ გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
“როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ,” – აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი.
ირაკლი ჩარკვიანის მეუღლის პოზიცია მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. თუმცა ამის მიუხედავად ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება მუსიკალური სიიდან აქციის ორგანიზატორებმა უკვე ამოიღეს. ფიქრობდნენ, რომ ჩარკვიანის შემოქმედება ხალხს და უსამართლობაზე გულანთებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ, ამიტომაც არ აიღეს ნებართვა ჩარკვიანის მემკვიდრისგან.
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. პარლამენტის წინ გამართულ კონცერტში მონაწილეობა ორგანიზატორებმა ქეთათოსაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. სჯერათ, ირაკლი ჩარკვიანი ახლა ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად იდგებოდა რუსთაველის გამზირზე და აუცილებლად იმღერებდა ”საქართველოს”.