ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. ოფიციალური განცხადება “ქართულ ოცნებაში” სავარაუდოდ მალე გაკეთდება.
ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა გუშინ არაერთხელ მოითხოვეს.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს თბილისში საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.
ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.
რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.
აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათმა ნაწილმა მძიმე დაძიანებები მიიღო. რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
გამთენიისას აქციის მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
არეულობის შედეგად დაშავდა 31 ჟურნალისტი.