თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ჯერ არ შექმნილი პარტიის ერთი წევრის ვინაობა ცნობილია. ეს არის კოტე კემულარია, რომელიც უკვე დიდი ხანია პოლიტიკას ჩამოშორდა. კოტე კემულარია 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ელჩი რუსეთში, იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე, 1992-93 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს, 1998 წელს იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
2006 წლიდან კემულარია აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, 2016 წელს კი კვლავ გამოჩნდა, ამჯერად პაატა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისთვის“ და ამ პარტიდან ფოთის მაჟორიტარად იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა.
ირაკლი ოქრუაშვილმა პარტიის შექმნა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. მისი კონკრეტული პარტიული გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყნის მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს და მის დასამარცხებლად პოლიტიკურ გააქტიურებას გეგმავს.