შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.