ირანელი რეპერი, ამირ თათალო ამბობს, რომ ფილარმონიაში გამართული კონცერტის დროს ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია. დახურული სოლო კონცერტი ამირ თათალომ ფილარმონიაში ირანული დიასპორისთვის გამართა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კონცერტის ვიდეო ტიტრებით, რომელიც თითქოს მისი სიტყვების თარგმანი იყო. ტიტრების მიხედვით მისი განცხადებები ქართველების შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეიცავდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
საპროტესტო კამპანიის მონაწილეები მისგან საჯარო ბოდიშსა და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ირანელი მუსიკოსის წინააღმდეგ დღეს ქართული მარშის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისი ორგანიზებით დღეს ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ირანის მოქალაქემ მასპინძელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა და ის საქართველოდან უნდა გააძევონ.
ირანის ელჩმა აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ თათალუს მუსიკა თეირანში აკრძალულია, თავად კი არ მოუსმენია, რა თქვა ირანელმა მუსიკოსმა ფილარმონიის სცენაზე.
ირანელი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას თვალს ადევნებს, „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.
ამირ თათალოს განცხადებით, ასეთი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.
ირანელი მუსიკოსი, რომელიც საქართველოში უკვე 5 თვეა ცხოვრობს, მისამართის შეცვლას საკუთარი ნებით ჯერ არ გეგმავს. ის ევროპული ტურნესთვის ემზადება.