{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის შეხვდა.
სავარაუდოდ, შეხვედრა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის შექმნილ გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც ირანის მოქალაქეების “საქართველოში მასობრივ არშეშვებას” ეხება და რაზეც ირანული მხარე მიუთითებდა. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში ეს თემა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები.
“შეხვედრაზე გაიცვალა შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები, დაისახა განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები. აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას”, წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 14 დეკემბერს თბილისში, სასატუმრო “ბილტმორში” დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია – “ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში” ჩაიშალა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია – “ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში”.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა მოჰამმად ხალეყიმ განაცხადა, რომ “14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.
კონფერენციის ჩაშლას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – თეირანმა ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გაუგებრობა არ გაირკვევა.
ირანის მოქალაქეების არშემოშვების საკითხზე 10 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა კომენტარი. მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში საკითხი მოგვარდება.
“დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არსებულ გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხები”,თქვა ზალკალიანმა.