ირმა ინაშვილი კონტრაქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის ვიცე სპიკერი მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.
“მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ალექსანდრე ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული.“– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქ გვერდზე.
კანცელარიასთან საღამოს “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან პოზიციის ღიად გამოხატვას ითხოვდნენ მათი უფლებების აღიარებასთან და ძალადობისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით. კანცელარიასთან მივიდა ლევან ვასაძე და აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აქციის დაშლას მოითხოვდნენ. პოლიცია აქციასა და კონტრაქციას შორის ჩადგა და რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა აგრესიული ჯგუფის შეკავებას, რომლის წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ჯამში კონტრაქციის ოცამდე მონაწილე დააკავა.