ირმა ინაშვილი NDI-ს დირექტორს კორუფციაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ის ნაციონალური მოძრაობისგან ფულს იღებს.

,,”NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება”,- ამბობს ინაშვილი.

ის კვლევითი ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს ტერორიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებშიც ადანაშაულებს.

“ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-ს და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა”,- აცხადებს ირმა ინაშვილი პრესკონფერენციაზე.

ის ორგანიზაციების საწინააღმდეგო არგუმენტად ამბობს, რომ ,,პატრიოტთა ალიანსმა” კვლევა ჩაატარა და 28 517 გამოკითხულიდან ვერ იპოვეს ვერცერთი ადამიანი, რომელსაც NDI-ს კვლევაში მიუღია მონაწილეობა.

ინაშვილი ამერიკის საელჩოსთან აქციებს აანონსებს.

,,26 იანვრიდან დაიწყება “NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანია. ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში”,- აცხადებს ირმა ინაშვილი.