პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი დაიბარეს.
2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.
„შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ დაიწყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.
ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.