ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ხუხაშვილმა გადაცემაში კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად მოყვა, რა ვითარებაში გაიცნო გახარია და როგორ მოხვდა ის თავის დროზე ივანიშვილის გუნდში. ხუხაშვილი არ მალავს, რომ დღევანდელი შს მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან მისი რეკომენდაციით მოხვდა. გახარია ამაღლების ქუჩაზე გია ხუხაშვილის მეზობელია და ერთმანეთიც აქედან გაიცნეს:
“ასე მოხდა თავის დროზე, რომ ჩვენ რაღაც პოზიციაზე გვჭირდებოდა ადამიანი. ის იყო ჩემი მეზობელი, რომელიც სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა. იმიტომ არ გამიკეთებია რომ ჩემი მეზობელია.
ჩვენ გვყავდა ბიზნეს ომბუდსმენი დასანიშნი და პრობლემა იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა ბიზნესი და არ უნდა ყოფილიყო არცერთი ბიზნეს დაჯგუფების წარმომადგენელი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა გარკვეულ დაძაბულობას.
მოგეხსენებათ რომ საქართველოში ბიზნესები დაჯგუფებებია ბიზნესი რომ ესმოდეს და არცერთ დაჯგუფებაში არ იყოს ასეთი ადამიანის პოვნა იყო ძალიან ძნელი. და რომელიმე ერთი ინტერესჯგუფიდან რომ აგვერჩია ვინმე სხვები იფიქრებდნენ, რომ ამათ ვლობირებთ და ასე შემდეგ. გახარია იყო ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მე რომ გავიცანი იმ დღეს ჩამოვიდა საქართველოში. არავის არ იცნობდა.კომპეტენცია ეტყობოდა. მე მას ვესაუბრე. ის იყო ლუფთჰანზას წარმომადგენელი და ეს არ არის მარტივი პოზიცია ლუფთჰანზამ რომ აგარჩიოს.
არავინ რომ არ იცნობდა და არცერთ ინტერესჯგუფს არ წარმოადგენდა,რისკი არ გვქონდა. რომ გავესაუბრე არც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ იმ დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარში დადგა საკითხი, რომ იმ ბიზნესს უნდა შევხვედროდით და ვიღაცა სწრაფად აგვერჩია და უცბად გამახსენდა, დღეს გავიცანი ერთი კარგი ბიჭიმეთქი.
კითხვაზე, კონკრეტულად როგორ გაიცნო გახარია, ხუხაშვილი პასუხობს, რომ გახარიას მამამ ხუხაშვილის მეუღლეს სთხოვა ისინი ერთმანეთისთვის შეეხვედრებინათ.
“მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის. ის აღმოჩნდა რომ კომპეტენტურია და მე ნამდვილად არ მრცხვენია ამ გადაწყვეტილებების . თუ ვინმეს რამე შეუძლია ამ მთავრობაში გახარიაა. თავის პლიუსებით და მინუსებით. მე მის პლიუსებსაც ვხედავ და მინუსებსაც. მე ვფიქრობ რომ ეს საამაყო გადაწყვეტილებაა,თუმცა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, იმიტომ რომ იყო გადაწყვეტილებები, რაც მას ლაქად დაეტყო.“– განაცხადა ხუხაშვილმა. ის ამბობს, რომ ამჟამად გახარიასთან ურთიერთობა არ აქვს და მხოლოდ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს ავტოფარეხში.
გია ხუხაშვილმა გახარიას ამჟამინდელ მოღვაწეობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობს:
“სკეპტიკურად ვუყურებ გახარიას გაპრემიერებას. სისტემა არ გულისხმობ ქარიზმატულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე და კრიზის მენეჯმენტზე ორიენტულ ლიდერებს. ასეთი ლიდერები არ არის მოთხოვნადი, თუმცა საჭიროა გარკვეული შეზღუდული კომპეტენციით.
გახარიას მინუსი კიდევ ის გახლავთ, რომ გახარიამ ვერ მოახერხა გუნდის ფორმირება. ის მაინც მარტოა. სისტემაში მარტოა. ფაქტობრივად ის ზის აღმოსავლეთის ექსპრესში. სახელისუფლო გუნდში ყველა მისი მტერია. მას მეგობარი არ ყავს. გახარია არის ყველასთვის დისკომფორტის შემქმნელი. მას არ ყავს მოკავშირე. ის იქ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ის საჭიროა. იმიტომ რომ ოპერატიული კრიზის მენეჯმენტის უნარები ამ ხელისუფლებაში არავის არ აქვს. ხომ გვახსოვს რომ ერთი ტყლაპოდან მეორეში ხდებოდნენ.“– ამბობს ექსპერტი.
კითხვაზე, თვითონ ხომ არ ქმნის გახარია კრიზისებს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ის ასე არ ფიქრობს და მას კრიზისებს სხვები უქმნიან. თუმცა, კონკრეტულად პანკისის კრიზისზე არ თვლის, რომ თავიდანვე გახარიას წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ პანკისი თავიდანვე იყო მის წინააღმდეგ ორგანიზებული ისტორია, მაგრამ ისტორია რომ დაიწყო ამით ვიღაცამ ისარგებლა და შეეცადა რომ მის წინააღმდეგ შეეტრიალებინა.
რამდენიმე ინტერესჯგუფია. არცერთის ინტერესში არ არის გახარიას გაძლიერება.იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი.
ხელისუფლება როგორ ლაგდება: არის ერთი ადამიანი რომელიც ზის ოლიმპზე და არის პატარ–პატარა ბოსტნები და პატარა ადამიანები ცდლილობენ, რომ თავისი ბოსტანი გააფართოვონ ან მის ბოსტანში არავინ არ ჩაერიოს.
გახარიას არ აქვს თავისი ბოსტანი.გახარიას დისკომფორტი ზუსტად ამაშია. ის თამაშობს მეველის როლს,რომელსაც აქვს უფლება ნებისმიერ ბოსტანში შეიხედოს.
და ეს არავის არ უნდა ბუნებრივია. ყველას აქვს მათ შორის თავისი ეკონომიკური ინტერესი.
სუსში თუ ვინმეს უქმნის გახარია დისკომფორტს იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოადგენს გარკვეული სქემების გამჟღავნების და კომპრომეტირების კუთხით და რაც მთავარია ამბის მიმტანია ბიძინა ივანიშვილთან.
როგორ გგონიათ მაგალითად პროსტიტუცია ან ნარკობიზნესი სისტემის მიღმაა? არ არის სისტემის მიღმა და გახარია არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით კონკრეტულ ადამიანებს შეუქმნას პრობლემა.
გახარია იქნება მანამდე, სანამ მისი ალტერნატივა არ მოიძებნება. მის ალტერნატივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ კრიზის მენეჯმენტის თვალსაზრისით. გახარიას გარეშე ისინი პირველივე კრიზისზე ჩახტებიან დიდ ტყლაპოში. ეს ივანიშვილმა კარგად იცის. ამ ადამიანს ოპერატიული კრიზის მენეჯმენტის უნარები აქვს. სტრატეგიული მენეჯმენტი არ იცის.ცეცხლს აქრობს, მაგრამ ნაღვერდალს ტოვებს.“– ამბობს გია ხუხაშვილი