“ის მოღალატეა“–უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ქვეყნის მეთაურის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ინტერნეტ-გამოცემა გორდონის რედაქტორმა ოლესია ბაცმანმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სააკაშვილი კიევში ხვალ, 29 მაისს, ადგილობრივი დროით 17 საათზე ჩაფრინდება.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების პარალელურად ადგილობრივი მედია უკრაინის გენერალური პროკურორის პოზიციაზეც წერს, რომელმაც „მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“ მოღალატე უწოდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტის კითხვას – შეიცვალა თუ არა ლუცენკოს პოზიცია სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული კორუფციის საქმეზე, რომლის თანახმადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი „მიხო-მაიდანის“ დასაფინანსებლად ფულს კურჩეკოსგან იღებდა, გენერალურმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა. „არა. მოღალატე“ – დაწერა იური ლუცენკომ.