ის, რაც ისედაც არსებობს, ჯობია კანონით მოწესრიგებული იყოს-მიქაუტაძე ლგბტ ქორწინებაზე

“ის, რაც ისედაც არსებობს, ჯობია კანონით მოწესრიგებული იყოს”-ასე უპასუხა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, რომელიც ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერს შეეხებოდა.

“დისკრიმინაციული არ არის, მაგრამ მომავალში აუცილებლად გახდება დამაბრკოლებელი და საკონსტიტუციო ნორმების შეცვლას სხვა სტანდარტი აქვს – იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტთ, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება მივანიჭოთ. ძალიან რთული თემაა, არ მიფიქრია, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ ყოველთვის? ის, რაც ფაქტობრივად არსებობს, ჯობია, არსებობდეს მოწესრიგებული სახით. თუ ჩვენ მოვლენებს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, დავუპირისპირდებით ხისტი ჩარევებით, როგორიც არის საკანონმდებლო დონეზე უფლებების მინიჭება ან არმინიჭება, ეს ყოველთვის გამოიღებს ცუდ შედეგს და სწორ მიზნამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ ჯობია, საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული ის ურთიერთობები, რომელსაც, ყველა ვაღიარებთ, რომ ისედაც არსებობს”-განაცხადა მიქაუტაძემ.
.