დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი,ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ცნობილი არ არის. ლონდარიძე ამბობს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა კი პროკურატურას ეკისრება, რომელმაც 12 ჭრილობით მოკლული მოზარდის მკვლელი ვერ დაადგინა. ლონდარიძე ამბობს, რომ საქმეში გამოძიება მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს.
„ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო დიდი როლი. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს,რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები ამ საქმეში, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით, არასრულწლოვანი, რომელიც 12 ჭრილობით არის გარდაცვლილი, დღეს უცნობია მისი მკვლელი ვინ არის და პროკურატურას ქმედითი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს,“-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ლონდარიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნისანი იყო გაჩენილი მიხეილ კალანდიას საქმეში მონაწილეობის შესახებ, თუმცა პროკურატურამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი. ლონდარიძე ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პროკურატურას მოუწევს შეაფასოს მიხეილ კალანდიას სავარაუდო მონაწილეობის ნიშნები დანაშაულში.
როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ცქიტიშვილი აცხადებს, ისინი შეისწავლიან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
ცქიტიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადი ხედვით მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არსებითად შეცვლა არ მომხდარიყო. ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, როცა სააპელაციო სასამართლომ გაამყარა საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება და დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელები არ არიან დადგენილი.