“ისინი ცდილობენ ქვეყანა გადააგდონ ავტორიტარიზმის რელსებზე”- ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ ხელისუფლებაზე

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ “ქვეყანას სინდიკატი მართავს”. გოგიჩაიშვილის აზრით, ახალი მთავრობა განწირულია არაეფექტურობისთვის, რადგან გახარიას მოუწევს ყველა საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმოს.

“მინისტრები, ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან, ამ ქვეყანას წაართვან დემოკრატიული მომავალი და ქვეყანა გადააგდონ ავტორიტარიზმის რელსებზე. მე არ შევაფასებდი მათ რაღაც განსაკუთრებული ტალანტის მქონე ადამიანებად. ამ პერიოდში მიიღეს გამოცდილება, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებში სულ ჰქონდათ პრობლემები”, — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 77 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 3 სექტემბერს წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.