ისრაელის მოქალაქე “აირზენას“ ბარგიდან ძვირფასი ნივთების დაკარგვაში ადანაშაულებს

საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოსული ქალბატონი დალია ბარუხი ამბობს, რომ უკანა გზაზე, თბილისიდან თელავივში მგზავრობის დროს, ბარგიდან ოქროს ნაკეთობები დაკარგა. დალია ბარუხი ვარაუდობს, რომ ოქროს ნივთები სწორედ თბილისში დაიკარგა. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ მას, იგივე ოქროს ნივთები ბარგში ჰქონდა შენახული, როდესაც თელავივიდან თბილისში მოემგზავრებოდა, საქართველოში ჩამოსვლისა და შემოწმების შემდეგ კი ყველა ნივთი ადგილზე დახვდა. თუმცა, როდესაც უკან თელავივში გაემგზავრა, ბარგის გახსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პატარა ჩანთა, სადაც ოქროს ნივთები ჰქონდა შენახული, გახსნილი, ხოლო ოქროს ნივთები დაკარგული იყო.

დალია ბარუხი ამბობს, თელავივის პოლიციას უკვე მიმართა და ახლა პასუხს „აირზენასგან“ ითხოვს. დაზარალებული მგზავრი აცხადებს, რომ ნივთების დაკარგვის შემდეგ, სოციალური ქსელის რამდენიმე ჯგუფში დაწერა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შეიტყო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მსგავსი რამ ისრაელის სხვა მოქალაქეებსაც შეემთხვათ საქართველოში. „ოქროულობა მქონდა ჩადებული, ერთი რამე არ დარჩენილა. სიგარეტი მქონდა პაკეტით და ისიც გაუხევიათ და ისე დაყარეს. კრისტალის რაღაცები უყიდა დედამისს ჩემმა ამხანაგმა საჩუქრად და ისინიც წაუღიათ ყველაფერი. ბევრი რაღაცები წაუღიათ…

მილიციაში რომ წავედი, ვუთხარი, არ დავადებ ხელს, ან ისრაელში მოხდა ან საქართველოში. აქედან რომ წავედი, ჩავდე და ხელი არ მოუკიდებია, საქართველოში რომ ჩავედი ყველაფერი ისე დახვდა და რომ ჩამოვედი საქართველოდან ისრაელში, ყველაფერი ანგრეული იყო,“- ამბობს დალია ბარუხი.

ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტვირთების გადაზიდვას აკონტროლებს, გამოიკვლევს თუ რა მოხდა სინამდვილეში. „მთელი სამსახური მაქვს აეროპორტში, რომელიც მაგას მიხედავს. არიან სპეცსამსახურები, რომლებიც ამონიტორინგებენ მაგას. ყველა მხრიდან ვიდეოები დგას, თუ ვინმე რამეს მაიმუნობს, ვნახავ…. ეს შემთხვევა მილიონები ხდება საავიაციო გადაზიდვებზე. “აირზენას” რეისზეც ყოფილა ალბათ შემთხვევები, რასაკვირველია. თუ დავიჭერთ იმას, გადავცემთ პასუხისგებაში, გამოიკვლიონ და მერე თუ დადგება საკითხი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია ამაზე იქნება ცალკე მსჯელობა,“ – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.