ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს.
როგორც სუსლიაკის მეუღლე ყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავების დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. იულია სუსლიაკმა ქართველ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც შეძლეს.
სუსლიაკის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი ამ დაკავებას უკავშირებენ „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც სუსლიაკი ამბობდა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების დღიდან მის გათავისუფლებამდე მომხდარ ამბებზე საუბარს აპირებდა.
იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ეს გატაცება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მან ვერ მოახერხოს კონკრეტული გვარების დასახელება.
“სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არღვევდა მის უფლებებს მთელი სამი თვის განმავლობაში, რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სამი თვე. ეს ყველაფერი რომ არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურორის პროკურორების პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი და მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს. შსს და პროკურატურა ინფორმაციას არ გვაწვდის და ფაქტობრივად საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“,-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.
იულია სუსლიაკი ხვალ პირველ საათზე აპირებდა ბრიფინგზე ეთქვა, ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარები, ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაეშვათ. გენერალური პროკურატურის კონკრეტული პროკურორების თეა გიორგაძის და მარიამ გოგორელიანის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა, დღეს 08:30 საათზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს იულია სუსლიაკინი, მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ჩემთვის,“ – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.