ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იულია დარბაზიდანვე გათავისუფლა.
საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.
„ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართა უკრაინას ორჯერ მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა”, – აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი.
შეგახსენებთ, რომ სუსლიაკი საკუთარ შვილებთან ერთად ტრეფინკინგის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი მოსკოვიდან საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს 10 ბავშვით ჩამოვიდა. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საქართველომ 10-ვე ბავშვი უკრაინას გადასცა.
თავდაპირველად ეჭვი საგამოძიებო უწყებას ბავშვების წლოვანების გამო გაუჩნდა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის შესახებ ეჭვი გაუჩინა.
ექსპერტიზის დასკვნიდან გაირკვა, რომ 10-ვე ბავშვი იური და იულია სუსლიაკების შვილები არიან.