“იურიდიულად საქმეს არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს” – ხაბეიშვილი

“ამ საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს” – აცხადებს “რუსთავი 2-თან” „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი  ნიკა მელიას საქმეზე.

„დღეს სასამართლოში კი არ ველოდებით განაჩენს, ველოდებით,რ ამდენად გასულია ბიძინა ივანიშვილი მომსახურების ზონიდან, იმიტომ რომ მათ შორის პროკურატურაზე და სასამართლოზე ძალადობს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის ნებით შეიძლება შეუფარდონ ნიკა მელიას, რომელიც იურიდიული ჩარჩოებიდან გასული იქნება, თუ შედარებით ადეკვატურია ეს კაცი, მაშინ დატოვებენ მას გირაოს პირობებში,“-აცხადებს  ხაბეიშვილი.

ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს. 

ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.