{{ARTICLEIMAGE}}
იუსტიციის სახლთან მეორე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი გაუქმებულია. უწყებასთან “ქართული დასი”, “ქართული მარში”, ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელები და მოქალაქეთა ნაწილია შეკრებილი. ამბობენ, რომ იუსტიციის სახლის პიკეტირებას არ აპირებენ, თუმცა ქართული მიწების გაყიდვის ხარჯზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრებას არ დაუშვებენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც წუხელ გვიან ღამით დაკითხვაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და აქციის ორგანიზატორებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ თანასწორუფლებიანობის დარღვევას ედავება.
ლორთქიფანიძე სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, რომ თითქოს გუშინდელ აქციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქებს ისუტიციის სახლში არ უშვებდნენ, რის გამოც ისინი დაზარალდნენ. მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, რომლებიც გუშინ ქუჩაში ავტოკოლონებით გადაადგილდებოდნენ, 200 ლარით დაჯარიმდნენ.
“პატრიოტთა ალიანსი” კი საკითხის დაყენებას ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომასა და სესიაზე აპირებს. მათი მოთხოვნა უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მორატორიუმის აღდგენა იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათ პოზიცია უკვე დააფიქსირეს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 17 დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლითაც უცხოელებზე მიწების გასხვისება იკრძალება. ამიტომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს “ქართულ ოცნებაში” უსაფუძვლოს უწოდებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ანტიკონსტიტუციურად სცნო მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისება იზღუდებოდა. თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე იხსნება, რადგან ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.