იუსტიციის სამინისტრო პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.

ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები. რამდენიმე ფაქტზე წულუკიანმა თავად ისაუბრა.

„ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ დაწვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იგდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც, ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა. ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.