საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან, დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან, “დეპორტირებულების საქმეზე” სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საქმე ეხება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე განხორციელებულ ქართველების მასობრივ დეპორტაციას და მათი უფელებების შელახვის ფაქტს.

“იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან „დეპორტირებულების საქმის“ უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა.

„დეპორტირებულების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო) რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში (2019 წლის 1 მაისამდე) რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა, იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მყისიერად მოითხოვა საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა. მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.”- ნათქვამია განცხადებაში