{{ARTICLEIMAGE}}
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოსამართლე წევრების მიერ გუნდურად მოხდა, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურებზე მას შემდეგ იმსჯელეს, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს, რომელიც წარდგენილ კანდიდატურას უკავშირდება, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატი სასამართლო სისტემაში მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიჩალაძე.
“ჩვენ დავასახელეთ სააპელაციო სასამართლოს ორივე თავმჯდომარე. რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, მას უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია”, განაცხადა მიქაუტაძემ.
რამ განაპირობა განახლებული კონსტიტუცის ძალაში შესვლიდან უმოკლეს ვადაში პარლამენტისთვის წარედგინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა 10 კანდიდატი, საბჭოს მდივნის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში წლებია, რაც მოსამართლეთა სიმცირის პრობლემაა, რის გამოც დიდი რაოდენობით საქმე დაგროვდა, რამაც თავისთავად, მოქალაქეთა უკმაყოფილება წარმოშვა. მისივე თქმით, ყველა წარდგენილი კანდიდატი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
“უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების დასახელება განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. არის 11 მოსამართლე, სისხლის პალატაში ერთი შემადგენლობაც კი არ არის, რომ საქმეები განიხილონ. ეს არის შეფერხებული პროცესი, ან შეიძლება ითქვას, უფრო უარესი, უზენაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ მოვიღებთ და არ იქნებიან მოსამართლეები წარდგენილები. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლს საბჭოზე. ვფიქრობ, რომ სწორად მოქმედების და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის დროა, რომელიც უნდა გადაიდგას, ვინაიდან უზენას სასამართლოში არ შეფერხდეს სამართალწარმოების პროცესი. ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადადგას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება”, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.